რამდენიმე სიტყვა ჩვენს შესახებ

რას ვაკეთებთ

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია

ასოციაცია დაარსების დღიდან ეხმარება დაინტერესებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში, არსებულ რეგულაციებთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას ცოდნის გაღრმავებით და ახალი ინფორმაციის შეძენით, რაც საბოლოოდ, დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და გააუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს ჯანდაცვის დაწესებულებებში. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას მოძველებული ნორმებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრით. ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიღებისას დამატებითი ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების შემცირებას იპკ ღონისძიებების გაძლიერებით, ასევე, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოშობისა და გავრცელების შემცირებას ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცოდნის გაზიარების გზით. ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის შექმნასა და დანერგვაში, რათა შევძლოთ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა პროფილისა და სიდიდის სამედიცინო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხების გასაუმჯობესებლად, რაც დღესდღეობით ძალზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების (სმაი) პრევენცია და კონტროლი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს სტრატეგიებისა და ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფექციების გავრცელების პრევენციას და კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში. სმაი-ს პრევენცია და კონტროლი მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს: ინფექციის კონტროლის სტანდარტები და პროტოკოლები: გაიდლაინების დანერგვა, რომლებიც მოიცავენ ხელების ჰიგიენას, ინსტრუმენტების სტერილიზაციას, პაციენტების იზოლაციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სამედიცინო პერსონალის განათლება და სწავლება: პერსონალის რეგულარული ტრენინგები, რომლებიც ფოკუსირებულია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე. მოწყობილობების სტერილიზაცია და დეზინფექცია: სტერილიზაციისა და დეზინფექციის პროცესების მკაცრი დაცვა, რაც ხელს უწყობს ინფექციის რისკის შემცირებას. პაციენტების მონიტორინგი და ზედამხედველობა: პაციენტების რეგულარული მონიტორინგი ინფექციის ნიშნების დროული გამოვლენისა და რეაგირებისთვის. ანტიბიოტიკების მართვის პროგრამა: ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა, რათა თავიდან იყოს აცილებული რეზისტენტული შტამების გავრცელება. ინფექციის კონტროლის კომიტეტები და ჯგუფები: სპეციალიზებული ჯგუფების და კომიტეტების ჩამოყალიბება, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიდგომების დანერგვაზე. ამ ღონისძიებების ერთობლიობა უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში სმა ინფექციების რისკის შემცირებას, რაც პაციენტების მკურნალობის ხარისხისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
სუფთა ხელები, სუფთა გარემო
ხელის ჰიგიენა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ზომა, რომელიც გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის. ხელის ჰიგიენის ძირითადი პრინციპები შემდეგია: ხელების დაბანა საპნით და წყლით საჭიროა ხილული დაბინძურების არსებობისას. საპონი და წყალი ეფექტურია ხელების მიკრობებით დაბინძურების შემთხვევაში და ხელს უწყობს მათ მოცილებას. თუ ხელები ხილულად სუფთაა, გამოიყენება ალკოჰოლის შემცველი ხსნარი (70%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით), როგორც სწრაფი და ეფექტური საშუალება. იგი თითქმის სრულად ანადგურებს მიკროორგანიზმებს და ადვილად გამოსაყენებელია კლინიკურ გარემოში. ხელების ჰიგიენა აუცილებელია შემდეგ სიტუაციებში (5 მომენტი): 1. პაციენტთან კონტაქტამდე. 2. სუფთა ან ასეპტიკურ პროცედურამდე (მაგალითად, ინფუზიის დაწყებამდე). 3. სხეულის სითხეებთან კონტაქტის შემდეგ (მაგალითად, სისხლთან, შარდთან). 4. პაციენტთან კონტაქტის შემდეგ. 5. პაციენტის გარემოსთან კონტაქტის შემდეგ (მაგალითად, საწოლი, სამედიცინო ხელსაწყოები). ხელების დაბანა ან ხსნარით დამუშავება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და ტექნიკის დაცვით, საჭიროა ყურადღების გამახვილება თითების წვერებზე, თითებს შორის სივრცეზე და ფრჩხილქვეშა ზონებზე. მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებში ხელის ჰიგიენის სამოტივაციო კამპანიების წარმოება. ყველა სტრატეგიულ ადგილას (პაციენტის ოთახი, პროცედურული კაბინეტები და შემოსასვლელები) ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელის ჰიგიენის საშუალებები. ხელის ჰიგიენის შესრულება არა მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობაა, არამედ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტების უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაში.
მულტიმოდალური სტრატეგიების დანერგვა
მულტიმოდალური სტრატეგიების დანერგვა ჯანდაცვის სფეროში გულისხმობს სხვადასხვა მეთოდისა და მიდგომის კომბინირებას, რათა მიღწეული იყოს უკეთესი შედეგები, განსაკუთრებით ისეთ კომპლექსურ საკითხებში, როგორიცაა სმა ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვა და პაციენტთა უსაფრთხოება. მულტიმოდალური სტრატეგიები მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს: განათლება და ტრენინგი: სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება და ტრენინგები, რომლებიც ფოკუსირებულია სტანდარტულ პროცედურებზე, პროტოკოლებსა და ახალ მიდგომებზე. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა თანამშრომელმა იცოდეს და გაითვალისწინოს საუკეთესო პრაქტიკები. პოლიტიკა და რეგულაციები: მკაფიო პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება უზრუნველყოფს ინფექციის პრევენციის, კონტროლისა და სხვა სტრატეგიული მიზნების შესრულებას. რეგულაციების მკაცრი დაცვა და მონიტორინგი სტრატეგიის წარმატების წინაპირობაა. ტექნოლოგიების გამოყენება: ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა ელექტრონული ჩანაწერები, ინფექციების მონიტორინგის სისტემები და ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების ელეტრონული პროგრამები. ტექნოლოგია ხელს უწყობს მონაცემების სწრაფად და ზუსტად შეგროვებასა და ანალიზს. ინფრასტრუქტურა და რესურსები: შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და რესურსების უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესება ხელს უწყობს სტრატეგიების ეფექტურობას. ზედამხედველობა და უკუკავშირი: უკუკავშირი საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, შეაფასოს სტრატეგიის ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში გააუმჯობესოს ის. კულტურისა და ქცევის ცვლილება: მულტიმოდალური სტრატეგიის დანერგვა ხშირად მოითხოვს ორგანიზაციული კულტურის ცვლილებას, რაც გულისხმობს პერსონალის ქცევის შეცვლას, კოლექტიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ინფექციის პრევენციისა და კონტროლისადმი მეტი ყურადღების მიქცევას.
პაციენტის უფლებების დაცვა
პაციენტის უფლებების დაცვა გულისხმობს იმ წესების, პრინციპების და კანონების დაცვას, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხოებას, ღირსებას, კონფიდენციალურობას და ინფორმირებულობას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში. ეს უფლებები არის პაციენტის და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობების საფუძველი და წარმოადგენს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს სრულყოფილი და გასაგები ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დიაგნოზის, მკურნალობის ალტერნატივების, რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. პაციენტის პირადი და სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალურია და შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. პაციენტს უნდა ექცეოდნენ ღირსებით, პატივისცემითა და თანასწორად, მიუხედავად მისი სქესის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა ფაქტორებისა. პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს, მიიღოს ან უარი თქვას შემოთავაზებულ მკურნალობაზე ან პროცედურაზე, მათ შორის მეორე მოსაზრების მიღებაზე სხვა ექიმისგან. პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც გადაუდებელ ვითარებაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. პაციენტს აქვს უფლება მონაწილეობდეს ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. პაციენტის უსაფრთხოება ნიშნავ იმას, რომ ის მიიღებს მომსახურებას სამედიცინო შეცდომებისა და შესაძლო გართულებების მინიმალური რისკით. პაციენტის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, არამედ სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სისტემისადმი ნდობის გაზრდისთვის.
სამედიცინო დაწესებულების უსაფრთო გარემოს უზრუნველყოფა
სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხო გარემო არის ისეთი პირობების და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. ეს პროცესი მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ, ჰიგიენურ, ტექნოლოგიურ და მენეჯერულ ღონისძიებებს. უსაფრთხო გარემოს ძირითადი ელემენტებია: უსაფრთხო შენობა და მოწყობილობები: სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც მოიცავს შენობის სტრუქტურულ გამართულობას, ელექტრო და წყალმომარაგების სისტემების უსაფრთხოებას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების არსებობას. მოწყობილობების რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება: სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის ძვირადღირებული და რთული აპარატურის რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება აუცილებელია გაუმართაობების და ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად. სმა ინფექციის კონტროლის ზომები: ჰიგიენის სტანდარტების დაცვა: სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და ვიზიტორების ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა, მათ შორის ხელის ჰიგიენის პროტოკოლების დაცვა და ინფექციების პრევენციისთვის საჭირო სხვა ზომების მიღება. სტერილიზაცია და დეზინფექცია: სამედიცინო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და ზედაპირების რეგულარული სტერილიზაცია და დეზინფექცია ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. უსაფრთხოების მენეჯმენტი და ზედამხედველობა: სპეციალური კომიტეტების შექმნა, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ დაწესებულების უსაფრთხოების საკითხებს, იკვლევენ პოტენციურ საფრთხეებს და იღებენ საჭირო ზომებს მათი შემცირებისთვის. რეგულარული ინსპექციები და შეფასებები: დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექციები, რომელტა მიზანია პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და მათი ეფექტური მართვა. გადაუდებელი შემთხვევების მართვა: დაწესებულებებში უნდა არსებობდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები, მათ შორის ხანძრის, ბუნებრივი კატასტროფების, ტექნიკური ავარიების, ინფექციების გავრცელების ან სხვა საფრთხეების შემთხვევაში. ყველა თანამშრომელი უნდა იყოს ინფორმირებული ამ გეგმების შესახებ . რეგულარული სწავლების ჩატარება: გადაუდებელი შემთხვევების მართვის სცენარებზე რეგულარული სწავლება პერსონალის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. პაციენტებისა და პერსონალის განათლება და ჩართულობა: პაციენტები და პერსონალი უნდა იყვნენ ინფორმირებულნი უსაფრთხოების პროტოკოლებისა და მათი პასუხისმგებლობების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტებისა და ვიზიტორების განათლება უსაფრთხოების საკითხებში. უკუკავშირი და საჩივრები: პაციენტებისა და პერსონალისგან უსაფრთხოების პრობლემების შესახებ უკუკავშირის მიღება და მათი სწრაფად მოგვარება. ფსიქოლოგიური და სოციალური უსაფრთხოება: თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს სტრესის მართვას, ძალადობისა და შევიწროების პრევენციას. პაციენტების ფსიქოლოგიური და სოციალური კომფორტის გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სამედიცინო დაწესებულებაში წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, რესურსებსა და თანამშრომლობას დაწესებულების ყველა დონის თანამშრომლებს შორის. ეს უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს, თანამშრომლების კმაყოფილებას და ორგანიზაციის რეპუტაციის ამაღლებას.
ჯანდაცვის პერსონალის უწყვეტი განათლება
ჯანდაცვის პერსონალის უწყვეტი განათლება სმა ინფექციების პრევენციასა და კონტროლში (იპკ) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების პრევენციისა და პაციენტების უსაფრთხოების კუთხით. იპკ არის კომპლექსური და დინამიკური სფერო, რომელიც მოითხოვს პერსონალის ცოდნის მუდმივ განახლებას და გაუმჯობესებას, რათა ისინი იყვნენ მზად ყველაზე თანამედროვე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებისთვის. იპკ-ს უწყვეტი განათლების ძირითადი კომპონენტებია: ჰიგიენის და ასეპტიკური ტექნიკის სწავლება: ხელის ჰიგიენა: მუდმივი ტრენინგი და სასწავლო მასალების განახლება ხელის ჰიგიენის სტანდარტებთან დაკავშირებით. ასეპტიკური ტექნიკა: პროფესიონალებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა და უნარები სხვადასხვა ასეპტიკური პროცედურების შესასრულებლად. ინფექციის გადაცემის მექანიზმების ცოდნა: უწყვეტი განათლება მოიცავს ინფექციის გადაცემის მექანიზმების დეტალურ ახსნას და მათი პრევენციის მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფექციების პრევენციის სპეციფიკურ ზომებს სხვადასხვა სიტუაციებში, როგორიცაა ქირურგიული ჩარევები, ინტენსიური თერაპია და სხვა. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენება: პერსონალის ცოდნის განახლება იდს-ს (ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და სხვ.) სწორი გამოყენების, შენახვისა და განადგურების შესახებ. ტრენინგების რეგულარული ჩატარება ნებისმიერი გადაუდებელი შემთხვევისთვის პერსონალის მოსამზადებლად. ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) მართვა: ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხების ცოდნა და მართვა, რაც მოიცავს ანტიბიოტიკების სწორად გამოყენებას და პაციენტების განათლებას ამ საკითხებში. უწყვეტი განათლება ყურადღებას აქცევს ანტიმიკრობული პრეპარატების ადმინისტრირების პროტოკოლების დაცვას, რაც ამცირებს რეზისტენტული შტამების წარმოქმნის რისკს. სტერილიზაციის და დეზინფექციის პროცესების სწავლება: ჯანდაცვის პერსონალის რეგულარული ტრენინგი სტერილიზაციის და დეზინფექციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო ინსტრუმენტების და გარემოს უსაფრთხოებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფექციის რისკების შემცირებას და პროცესის მონიტორინგს. ინფექციების მონიტორინგი და ზედამხედველობა: პერსონალის სწავლება ინფექციების მონიტორინგისა და მათი გავრცელების ზედამხედველობის სისტემების გამოყენებაზე. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფექციის გავრცელების პრევენციის სტრატეგიის დასახვეწად. განათლება გადაუდებელი შემთხვევების მართვაში: პანდემიური სიტუაციებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევების დროს პერსონალის ტრენინგი იპკ-სთვის საჭირო ზომების მიღებაში. ჯანდაცვის პერსონალის მზადყოფნა სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების გავრცელების სწრაფი აღკვეთისთვის. კულტურისა და ქცევის ცვლილება: იპკ-ში უწყვეტი განათლება ხელს უწყობს უსაფრთხოების კულტურის განვითარებას. პაციენტებისა და პერსონალის დაცვა ინფექციებისგან ხდება გუნდური მუშაობის და ყველა დონეზე პასუხისმგებლობის გაზიარების გზით. პერსონალის უწყვეტი განათლება ინფექციების პრევენციასა და კონტროლში ამაღლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, ამცირებს ინფექციების გავრცელებას და პაციენტთა და პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასეთი განათლება უნდა იყოს დინამიკური, მუდმივად განახლებადი და ადაპტირებული იმ საჭიროებებთან, რომლებიც სხვადასხვა ჯანდაცვის დაწესებულებებში შეიძლება იყოს.
ყოველწლიური იპკ კონფერენციები
ყოველწლიურ კონფერენციებზე ხდება იპკ პროფესიონალების, მკვლევარების, პოლიტიკის შემმუშავებლების და სხვა დაინტერესებული მხარეების შეკრება. კონფერენციები საშუალებას იძლევა, რომ მონაწილეები გაეცნონ ინფექციების პრევენციისა და კონტროლის უახლეს მიღწევებს, სტრატეგიებსა და ტექნოლოგიებს, ასევე ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება. კონფერენციებზე წარმოდგენილი უახლესი კვლევები ეხმარება პროფესიონალებს ახალი მიდგომების დანერგვაში. კონფერენციების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა პრაქტიკული სესია, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა და უნარები კონკრეტულ იპკ საკითხებში. კონფერენციები ასევე ხელს უწყობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობას. ექიმები, ექთნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ინფექციის კონტროლის და სხვა პროფესიონალები ერთად განიხილავენ იპკ-ს საკითხებს და იზიარებენ იდეებს. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იპკ ღონისძიებების ინტეგრაციისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში. კონფერენციების დროს ხშირად განიხილება და მუშავდება ახალი მოდელები და სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავენ იპკ-ს გაუმჯობესებას. ეს სტრატეგიები შეიძლება მოიცავდნენ ახალ პოლიტიკას, პროცესებსა და პროტოკოლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანდაცვის სისტემაზე. კონფერენციები ხშირად მოიცავენ დისკუსიებს გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ, როგორიცაა ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ინფექციების პრევენცია პანდემიების დროს, და სხვა.
იპკ პროფესიონალების სამუშაო შეხვედრები
სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრები იპკ პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ უახლეს ინფორმაციას, გაუზიარონ გამოცდილება და მიაწოდონ ახალი იდეები და ინიციატივები კოლეგებს. გამოცდილ სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრებზე წარმოადგინონ თავიანთი საქმიანობის პრაქტიკული შედეგები, ინოვაციური მიდგომები და კონკრეტული შემთხვევების ანალიზი. მოწვეულ ლექტორებთან და წამყვან სპეციალისტებთან უშუალო დიალოგი მონაწილეებს საშუალებას აძლევს მიიღონ პასუხები კონკრეტულ კითხვებზე. დისკუსიები შეხვედრებისას მოიცავენ მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს და მიღებულ პასუხებს, რაც ამდიდრებს შეხვედრის თემატურ ასპექტებს. პრაქტიკული ტრენინგებისას მონაწილეები მუშაობენ რეალურ ან სიმულირებულ სიტუაციებზე. ვორქშოფების და სემინარებისას მონაწილეები მუშაობენ ჯგუფებად, რათა განავითარონ და შეიმუშავონ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიები. ონლაინ ფორმატის შეხვედრებისას მონაწილეებს ეძლევათ საშუალება სამუშაო ადგილიდან მოუწყვეტლად მიიღონ მონაწილეობა შეხვედრაში . ზოგჯერ შეხვედრებში მონაწილეობენ სპონსორები და წარმოადგენენ სამედიცინო ტექნოლოგიებს, პროდუქტებს ან მომსახურების დეტალურ აღწერას. ასეთ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება ეხმარება მონაწილეებს გააუმჯობესონ პრაქტიკა და შეიმუშაონ ახალი სტრატეგიები, რაც მათი კარიერული განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

გააკეთე ინვესტიცია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციასა და კონტროლში

ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა

“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებელ წევრთა გადაწვეტილების საფუძველზე. ასოციაციის მიზანია სამედიცინო მომსახურების მიღებისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის ჰყავს პრეზიდენეტი და ვიცე-პრეზიდენტი თანაბარი უფლებებით, ასევე 7 წევრისგან შემდგარი მმართველი საბჭო. ასოციაციის წევრები არიან ეპიდემიოლოგები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერები, ინფექციის პრევენციის და კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, ექთნები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, იღებენ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ და გარკვეული წვლილი შეაქვთ მიზნების მიღწევაში. ვიმედოვნებ, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ეფექტური იქნება მომავალში. თუ თქვენ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მუშაობთ ინფექციის პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, ან მომავალში აპირებთ აღნიშნული პროფესიის დაუფლებას, გაეცანით წესდებას, დებულებას და თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში, გთხოვთ, შეავსოთ აქვე მოცემული ფორმა, მიაბათ საჭირო ინფორმაცია, თქვენი ფოტო და გამოაგზავნოთ ჩვენს ფოსტაზე. ასოციაციის წლიური საწევრო გადასახადი ფიზიკური პირებისათვის შეადგენს 120 ლარს; სტუდენტებისთვის – 60 ლარს; ორგანიზაციებისათვის – 400 ლარს. წევრობის მსურველ ორგანიზაციებთან გაფორმდება მემორანდუმი და ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ჩვენი ასოციაციის წევრებს ელ-ფოსტით და სოციალური ქსელით მიეწოდებათ ინფექციის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული უახლესი, ნათარგმნი მასალები, რაც გაუღრმავებს მათ ცოდნას და გაუადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ა(ა)იპ ,,საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია’’ ს/კ 405129481 სს. ,,საქართველოს ბანკი’’ კოდი : BAGAGE22 ა/ნ: GE22BG0000000193878000. ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტიპის ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბებით და განვითარებით. პატივისცემით „საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლია ჯანაშვილი

დონაცია

მიმღები: ა(ა)იპ ,,საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია’’ ს/კ 405129481 სს.

ა/ნ: GE22BG0000000193878000

ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტიპის ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბებით და განვითარებით.

 

 

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის (GAPINCE) მოწოდება

იპკ სისტემის მდგრადობისა და პაციენტების უსაფრთხოებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს სჭირდებათ გაზრდილი ინვესტიციები. სამედიცინო დაწესებულებებს მოვუწოდებთ, შეაფასონ მათი იპკ შესაძლებლობები და გააძლიერონ პროგრამები პერსონალის, რესურსების და ტრენინგის კუთხით. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების სრულყოფის  და მომავალი პანდემიებისას შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით.

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალებს, მათ შორის ეპიდემიოლოგებს, ექთნებს,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს და კლინიცისტებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ საჭირო განახლებული ინფორმაცია, რათა განუვითარდეთ მიკრობების გავრცელების პრევენციისთვის და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო უნარები. პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა მრავალი პრობლემა, რამაც გააუარესა ჯანდაცვის დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი –  სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები. პანდემიამ გვიჩვენა, რომ   ჯანდაცვის დაწესებულებებში სათანადოდ არ რეალიზდება სმა ინფექციების პრევენციის და კონტროლის პროგრამები, რისთვისაც საჭიროა ადეკვატურად დაკომპლექტებული, მომზადებული, რესურსებით აღჭურვილი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ჯგუფები და კომიტეტები. ეხლა არის ის დრო, როცა იპკ პროფესიონალებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, დაწესებულებების ინფრასტრუქტურაში უნდა მოხდეს ინვესტიციები ინფექციის კონტროლის ძირითადი პრაქტიკის პაციენტის მოვლის პროცესზე ფოკუსირებისთვის. უნდა გაძლიერდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მულტიმოდალური სტრატეგიების ინტეგრირება ინფექციების პრევენციისა და მათი გავრცელების შეზღუდვის მიზნით. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებს ჰყავდეთ საკმარისი რაოდენობით ინფექციის პრევენციის სპეციალისტები, რათა მათ შეძლონ  იპკ პოლისების შესრულებაზე დაკვირვება, რაც თავიდან აგვაცილებს საშიში პათოგენების გავრცელებას და სმა ინფექციების განვითარებას. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულების მფლობელებს, უზრუნველყონ დაფინანსების გაზრდა იპკ-ს მიმართულებით მომავალი პანდემიების და დაავადებების გავრცელებისას მზადყოფნისთვის. დაფინანსება ასევე მიმართული უნდა იყოს ახალი კადრების მოსამზადებლად.

COVID-19 პანდემიიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას და დაინერგოს უფრო ძლიერი იპკ პროგრამები, რომლებიც  გააუმჯობესებენ საზოგადოებისა და პაციენტების დაცვას მომავალი ეპიდემიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისას. GAPINCE ხელს უწყობს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სწორი პრაქტიკის დამკვიდრებას განათლების გზით, ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, ამასთანავე, გამოვხატავთ მზადყოფნას, ვიყოთ მოწინავე ამ მიმართულებით და ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანაშვილი