ინფექციის პრევენციის და კონტროლის საერთაშორისო კვირეული

2026 წლის 19-25 ოქტომბერს ინფექციის პრევენციის და კონტროლის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. კვირეული ეძღვნება იმ პროფესიონალების შრომისა და თავდადების აღიარებას, რომლებიც პაციენტებს, ჯანდაცვის პერსონალსა და საზოგადოებას სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებისგან იცავენ.
წლევანდელი კვირეულის სლოგანია “წარსული. აწმყო. დაცული.” ეს არის სლოგანი, რომელიც ასახავს ინფექციის პრევენციის განვითარებას:
🔹წარსული – როგორ იცავდნენ წარსულში ადამიანები თავს ინფექციებისგან.
🔹აწმყო – როგორ იცავენ თავს დღეს, თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გამოყენებით.
🔹დაცული – ამ განვითარების შედეგი: ადამიანების უკეთესი დაცვა ინფექციებისგან.
ინფექციის პრევენცია თანამედროვე ლაბორატორიებით, საიზოლაციო პალატებითა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით არ დაწყებულა. ის თაობების განმავლობაში დაკვირვების, ექსპერიმენტებისა და მეცნიერული აღმოჩენების შედეგად ვითარდებოდა. შავი ჭირის ეპოქაში დამცავი ტანსაცმელი იმდროინდელი წარმოდგენის საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიხედვითაც დაავადებები „ცუდი ჰაერის“ მეშვეობით ვრცელდებოდა. საუკუნეების შემდეგ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც დაცვის საშუალებები, ისე მათი გამოყენების მეცნიერული საფუძვლები. თუმცა მთავარი მიზანი უცვლელი დარჩა – პაციენტების, ჯანდაცვის პერსონალის და საზოგადოების დაცვა.
 
ფოტოზე: ე.წ. „შავი ჭირის ექიმების“ დამახასიათებელი დამცავი სამოსი. შექმნილია ფრანგი სამეფო კარის ექიმის შარლ დე ლორმის (Charles de L’Orme) მიერ.
კოსტიუმი მოიცავდა:
– ნისკარტის ფორმის ნიღაბს;
– ცვილით დამუშავებულ ან ტყავის გრძელ მოსასხამს;
– ჩექმებში ჩატანებულ შარვალსა და ჩექმებს;
– ტყავის ხელთათმანებს;
– ფართოფარფლებიან ქუდს;
– ხის ხელჯოხს.

სხვა სიახლეები

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია გიწვევთ აკრედიტებულ 2-დღიან უსგ პროგრამაზე

ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვის