ყოველწლიურად, აპრილის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე. საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ წელს ეს დღე 3 აპრილს აღნიშნა.
ინფექციის პრევენციონისტის (ეპიდემიოლოგის, იპკ სპეციალისტის, იპკ ექთნის) პროფესია ისტორიულად ეპიდემიებთან ბრძოლის პროცესში განვითარდა და დღეს ის არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ინფექციების პრევენცია და კონტროლი გავლენას ახდენს ჯანდაცვის ყველა ასპექტზე – ის შეიძლება იყოს ძლიერ დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული, თუ ის არ არის სწორად ორგანიზებული.
ბოლო ათწლეულში ინფექციის პრევენციონისტის პროფესია მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა – თუ ადრე მისი საქმიანობა ძირითადად ეპიდზედამხედველობასა და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული, დღეს ეს პროფესია გაცილებით ფართო და სტრატეგიულ ფუნქციებს მოიცავს – ინფექციის პრევენციონისტები აქტიურად მონაწილეობენ პაციენტის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში, ხარისხის მართვის სისტემებში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვაში.
პროფესია საჭიროებს სპეციალიზირებულ ცოდნას ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ეპიდზედამხედველობის, მონაცემთა ანალიზის, სტატისტიკის, პროფილაქტიკის სტრატეგიების, ეკოლოგიური უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენის, კომუნიკაციის და ლიდერობის, აუდიტის და მონიტორინგის წესების, ტრენერის უნარების, ეთიკის, სტრატეგიული დაგეგმარების, უფლებათა დაცვის, სამედიცინო ტექნოლოგიების, გადაუდებელი სიტუაციების მართვის მიმართულებით.
გლობალური გამოცდილება და საქართველოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ პროფესიის მნიშვნელობა მომავალშიც გაიზრდება, განსაკუთრებით ახალი გამოწვევების ფონზე.