2025 წლის 22-23 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კვირეულის (17-23 ნოემბერი) ფარგლებში, იგეგმება საერთაშორისო საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის პრობლემები მიკრობიოლოგიაში“.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ანტიმიკრობული რეზისტენტობა, პანდემიების პრევენცია და მზადყოფნა, ბაქტერიოფაგები – როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა და მიკრობიოლოგიის სხვა თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციის ფარგლებში მოხსენებას წარადგენენ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები , ქართველი და უცხოელი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის საპატიო სტუმარი იქნება ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი რობერტ ლეო სკოვი, რომელიც ისაუბრებს ანტიმიკრობული რეზისტენტონტობის, როგორც გლობალური გამოწვევის, შესახებ.
კონფერენცია ეძღვნება მიკრობიოლოგიის სფეროს გამორჩეული მოღვაწის, პროფესორ თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
- თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი
- ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
- საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია
- საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია
- გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის,მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- ი.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოება